ოკუპანტებმა მცხეთა-მთიანეთში 42 ჰექტარი მიიტაცეს – დავით ქაცარავა, ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება და სასულიერო პირები მალავდნენ

ოკუპაციის ახალი ხაზი მცხეთა-მთიანეთში – ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა, ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება და სასულიერო პირები საგულდაგულოდ მალავდნენ.

მოძრაობის წევრებმა ახალი საოკუპაციო ხაზი ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ აღმოაჩიეს, სადაც დაახლოები 42 ჰექტარი ტერიტორიაა მიტაცებული და იქ რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ. თუმცა, სასულიერო პირების თხოვნით, ქაცარავა ზუსტ ლოკაციას არ ასახელებს.მისივე თქმით, ამ მონაცემებს, ჯიპიეს კოორდინატებითა და ლოკაციის ზუსტი მითითებით, მოძრაობის წევრებთან ერთად, დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს.

“როდესაც სამშობლოს გართმევენ, როდესაც ყოველდღიურად მიმდინარეობს შენი მიწა-წყლის ოკუპაცია, ჩუმად და უსიტყვოდ ამის თვალის დევნება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეიძლება.
2008წლის შემდეგ ოკუპანტებმა ჩვენი სამშობლოს რამდენიმე ათეული კილომეტრი შეღობეს და გაჩერებას არც აპირებენ..
არ მეგონა, თუ მცოცავი ოკუპაციის აღმოჩენისას მომიწევდა ასეთი უცნაური წინასიტყვაობის გაკეთება, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს..
—————————————————————–
დღეს ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან, იქ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ.
სადღაც, მცხეთა-მთიანეთში.
ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არც გუშინ მომხდარა, არც აპრილში და არც 2019 წლის სექტემბერში
რუსებმა დაახლოებით 2 წლის წინ კვლავ მიიტაცეს ჩვენი სამშობლოს რამდენიმე ათეული ჰექტარი და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.

არ ვიცოდით იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავს ჩვენი მიწა-წყლის მიტაცების ფაქტებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ რჩება, მხოლოდ მაშინ ადასტურებს ოკუპანტების მიერ ჩადენილ ბოროტებას.

ის ადგილი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს.. თვითონ ამ მონასტრის წინამძღვარმა დაგვიდასტურა, რომ საოკუპაციო ხაზმა ფაქტობრივად მონასტრის კედლებთან ამოიწია..

დაჟინებით გვთხოვა, არ გაგვესაჯაროვებინა ადგილმდებარეობა, ემანდ რუსები არ გავაღიზიანოთო და ანანურამდე არ ჩამოვიდნენო…

დავპირდი, იმისდა მიუხედავად, რომ დუმილს არ ვთვლი რამე კარგი შედეგი მოეტანოს ოკუპაციის საკითხებში ოდესმე .. ზუსტად ამ დუმილმა მისცა საშუალება ოკუპანტს წყნარად და აუღელვებლად წაეღო ჩვენი ტერიტორიების ათასობით ჰექტარი..

ეს იყო ჩემი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, მაგრამ ამ მონაცემებს აუცილებლად გადავცემ დიპლომატიურ კორპუსს, თავისი ჯიპიეს კოორდინატებით და ლოკაციის ზუსტი მითითებით.

მთავრობას გადავცემ თუ არა? რა საჭიროა, მას ეს ამბავი ნამდვილად არ აინტერესებს, უბრალოდ გააქტიურებს ცხელ ხაზს და ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიას ჩააყენებს საქმის კურსში. ესაა ამ მთავრობის მაქსიმუმი და ზუსტად ამის ჩანერგვას ცდილობს ეს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ტვინებში, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი და ჯობია ჩუმად ვიყოთ, ემანდ რუსი არ გაგვიბრაზდეს…

მოვიშველიებ ქალბატონ ციხელაშვილის სიტყვებს – “ბორდერიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია მშვიდობა გვაქვს”..

ჩვენი შეფასებით, ჩვენს მიერ აღმოჩენილ ლოკაციაზე მინ 42 ჰექტარი მიითვისა რუსეთმა და ხელისუფლება დუმს… გიკვირთ? მე არა, ყოველდღიურად, 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ოკუპანტმა 12 მილიონი კვადრატული მეტრი წაგვართვა წაღვლი-ჩორჩანა-პერევის ტყეში და 420 ათასი კვადრატული მეტრის მიცემა გვიკვირს ამათგან?

ესაა და ეს..
მეტი ასეთ კომპრომისზე აღარ წავალ,მამაომ კი არა და მამაჩემმა რომ მთხოვოს, მაინც…

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!!!”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.