ოკუპანტებმა ხერსონი დანაღმეს, თუმცა ნაღმზე თვითონვე აფეთქდნენ

უკრაინული დაზვერვის მონაცემებით რუსი სამხედრები ცდილობენ ხერსონის რეგიონში უკრაინული არმიის შეტევა შეაჩერონ და ხერსონის ოლქის ტერიტორიას ნაღმავენ. ოკუპანტები თავდაცვის ახალ ხაზებს აგებენ, ქმნიან საინჟინრო ბარიერებს და ტერიტორიას ძველი, 50–იანი წლების ნაღმებით ნაღმავენ.

“უკრაინის დამცველების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად ხერსონის მიმართულებით, ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაკარგეს, ამავე დროს, ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს“– აცხადებს უკრაინული დაზვერვა.

მათი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ხერსონის ტერიტორიაზე ჩავიდა რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონა საბჭოური ნაღმებით, რომლებიც გასული წლის 50–იან წლებშია წარმოებული. საბრძოლო მასალები როსტოვის ოლქში, საწყობში ინახებოდა და უტილიზაციისთვის მზადდებოდა. თუმცა, ამის ნაცვლად, რუსმა სამხედრ მეთაურებმა ეს  საბრძოლო მასალები რუსული არმიის მოწინავე ქვედანაყოფებს თავდაცვითი პოზიციების დასანაღმად გაუგზავნეს.

დანაღმული ბარიერების მოწყობისას ძველ საბრძოლო მასალებზე უკვე აფეთქდა რამდენიმე განმნაღმველი რუსული საოკუპაციო ძალების 49–ე არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის 7–ე სამხედრო ბაზის  ტაქტიკური ბატალიონიდან.

როგორც უკრაინელი მზვერავები ყვებიან, სამხედრო მეთაურობა მოელაპარაკა პოლიციას და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, რომ ნაღმებზე აფეთქება კლასიფიცირდება როგორც უბედური შემთხვევა, შესაბამისად დაღუპულთა ოჯახის წევრები კომპენსაციას ვერ მიიღებენ.

შეგახსენებთ, 8 ივნისს ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინული არმია ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებზე შეტევაზე გადავიდა, სანამ რუსეთი დონბასის დაპყრობაზე იყო კონცენტრირებული. მათი ინფორმაციით, უკრაინულმა სამხედროებმა წარმატებებს მიაღწიეს ხერსონის ოლქში კონტრშეტევების ჩატარებისას.