ოკუპირებულ ხერსონში რუსულ რუბლზე გადასვლა დღეიდან იგეგმება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მარტის დასაწყისში რუსეთის მიერ სამხრეთ ხერსონზე კონტროლის აღების შემდეგ, ოკუპანტი ცდილობდა დაეკანონებინა თავისი კონტროლი ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე პრორუსული ადმინისტრაციის დანიშვნის გზით.

“ამ ადმინისტრაციის ბოლო განცხადებები მოიცავს უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების “შეუძლებლად” გამოცხადებას და უკრაინული გრივნადან რუსულ რუბლზე ოთხთვიან გადასვლას. ხერსონში რუსული რუბლის გამოყენება დღეიდან იგეგმება.

ეს განცხადებები, სავარაუდოდ, მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე, მოახდინოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე გრძელვადიან პერსპექტივაში”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე შეფასებით, ხერსონსა და მის სატრანსპორტო კავშირებზე მუდმივი კონტროლი რუსეთის უნარს გაზრდის, შეინარჩუნოს თავისი წინსვლა ჩრდილოეთსა და დასავლეთისკენ და გააუმჯობესოს კონტროლი ყირიმზე.