“როგორი ბრძნული იგავია იმ ბავშვის შესახებ, სოფელს მგლების შემოსევით რომ აშინებს და როცა მართლა მოდის ეს მგელი, ამის რომ აღარავის სჯერა…
ყოველთვის ასეა, როცა ნებისმიერ პროცესს გადაჭარბებით, ჰიპერბოლიზებით და კულმინაციებით იწყებ – მერე აღარც ძალა გყოფნის, აღარც სუნთქვა, აღარც ფანტაზია და ვეღარც არადროული კულმინაციებით გაბეზრებული ადამიანების თანაგრძნობას იღებ…
ოლიგარქი ისე იჭერს ორ (თუ მეტ არა) კურდღელს, რომ დიდი ძალისხმევაც არ სჭირდება, რადგან ოპონენტი უთუოდ უადვილებს ამ საქმეს:
ერთი მხრივ, ხაფანგში ყავს გამომწყვდეული ფსიქოლოგიურად ნაწამები ექს-პრეზიდენტი, რომელიც ვერა და ვერ ეგუება იმ რეალობის დაშვებას, რომ შესაძლოა დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა (რადგან ეს მისი თუ მასზე გაჭარბებული წარმოდგენების მქონე უპასუხისმგებლო ადამიანების აღქმების და გადაწყვეტილების შედეგია) და მეორე მხრივ, ასუსტებს მის პარტიას, სადაც მხარდამჭერები ლამისაა მტრად მოეკიდნონ თავიანთ ლიდერებს “უმოქმედობის” გამო, რომლებიც, პარტიული რწმენის გარდა, ალბათ იმიტომაც შიმშილობენ, რომ იძულებულები არიან, რაღაც “ქნან”, რაკი სხვა ყველაფერი ამ მხრივ შეუძლებელია – რამე გააკეთეთო და აი, ვაკეთებთო.
ქუჩის პროტესტმა ამ ეტაპზე რესურსი ამოწურა და პოლიტიკურ პროცესს კი არც ივანიშვილი აძლევს შანსს და არც, სამწუხაროდ, ივანიშვილის ოპონენტების ილუზიებში ჩაფლული ნაწილი…
ამდენად, ის ცალკერძ ექს-პრეზიდენტს ასუსტებს, ცალკერძ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, სადაც ლიდერებს როგორც ჩანს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვთ, და შესაბამისად, ისედაც სუსტ ოპოზიციურ ფლანგსაც, რომლის პოლიტიკური ფუნქციონირების დისკურსი სამი თვეა ექს-პრეზიდენტის პიროვნული აღქმების, სასურველის რეალობად წარმოდგენის და არასწორი მოლოდინების დრამის კონსტრატირებაა: 0 პოლიტიკური შედეგით.
პოლიტიკური შედეგი არც მანამდე იყო, მაგრამ არსებულს ახალიც დაემატა – უფრო ეგზისტენციალური, რომელთა ნაკლებობას არც მანამდე ვუჩიოდით.
ჰოდა, ის მართლა “უდავი” ყოფილა.
ამიტომ შეეგუეთ, რომ მასთან ბრძოლა გრძელი და დამღლელი პროცესია.
თავს მაინც ნუღარ დაისუსტებთ მისი დასუსტების ნაცვლად…”
წერს მწერალი ლაშა ბუღაძე პოლიტიკური პროცესის შესახებ Facebook-ზე.