ომბუდსმენის ანგარიშით დადასტურდა, რომ უკანონო დავალება არავის გაუცია- მდინარაძე 20 ივნისზე

,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურდა, რასაც უმრავლესობა 9 თვის განმავლობაში ამბობდა – უკანონო დავალება არავის გაუცია.

მისი თქმით, პოლიციელები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ, რადგან მათ აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს იქ მონტაჟის კვალი არსებობს ან რაციების ჩანაწერიდან ვიღაცამ რაღაც ამოჭრა, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი აქ არ არსებობს. შესაბამისად, დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის არ გაუცია – პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში შტურმი იყო მიტანილი. ყველანი ვხედავდით, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეაქცია ამაზე, შემთხვევებში, არის გამოსაძიებელი, მაგრამ რაც მთავარია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით – ბრძანება გაცემული არ ყოფილა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც. მისი თქმით, რეზინის ტყვიების სროლა იმ პოლიციელების გადაწყვეტილება იყო, რომლებზეც შტურმი მიმდინარეობდა.

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ანგარიშმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან სპეცრაზმელები ბრძანების გარეშე მოქმედებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი უნდა დასჯილიყვნენ.

20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის 2 აპრილს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების – კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

ანგარიშის მიხედვით, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი რეკომენდაცია რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.