ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ

სახალხო დამცველის განცხადებით, გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს, უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას.

“კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან.

სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო”,– აცხადებს ომბუდსმენი.

მისივე ინფორმაციით, ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.

სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი”,– წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

“შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, – რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში”,– ამბობს ნინო ლომჯარია.