ომბუდსმენი პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობისთვის მიმართავს

სახალხო დამცველის აპარატი გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართავს. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, მათ სურთ, შეისწავლონ გამოძიების ეფექტიანობა და მეორეს მხრივ, შეაფასონ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატი შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

“ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას.

2020 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ოჯახი მხარს უჭერს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას.

ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უკვე მოინახულეს 17-ვე ბრალდებული. აპარატი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შეხვდეს და მოუსმინოს ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებადარღვევის თაობაზე.

სახალხო დამცველის აპარატი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის თხოვნით, რათა შევისწავლოთ გამოძიების ეფექტურობა და მეორეს მხრივ, შევაფასოთ სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

პარალელურად, შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას მივაწვდით საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას და ასევე ჩვენს შეფასებებს. ვფიქრობთ, ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი.