ომბუდსმენის აპარატი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების განხილვაში ჩართული იქნება. სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.
“სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარმოვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია – ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა”, – ამბობს სახალხო დამცველი.
11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.