სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მუშაობის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სერვისის მიმწოდებლებს და ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციართა, მათ კანონიერ წარმომადგენელთა და მომსახურების განმახორციელებელ თერაპევტთა დროული და სრულყოფილი ინფორმირება, როგორც მომსახურების შეწყვეტის მიზეზების, ისე, შესაბამისი ალტერნატივების თაობაზე.
“ამგვარი სერვისების უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი საჭიროების მქონე არასრულწლოვანებისთვის და მათი შეწყვეტა ქმნის რეაბილიტაციის შედეგად მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მომზადებულ ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებდა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მომსახურებების სიმცირესა და სერვისცენტრების გადატვირთულობაზე. შესაბამისად, პასუხისმგებელ უწყებებს სერვისების გაფართოებისა და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მომსახურებაში ჩართული 100-ზე მეტი ბენეფიციარის სათანადო ალტერნატიული სივრცის შეთავაზების, მომსახურების უწყვეტად გაგრძელების პროცესს, სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ საკითხის გადაუდებლად მოგვარებისკენ”, – წერია განცხადებაში.