დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამს, “ომიკრონს” დაახლოებით 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი აქვს, ვიდრე სხვა შტამებს.
“ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, “ომიკრონს” აქვს დაახლოებით 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის,”- აცხადებს გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.
მისივე თქმით, სირთულის დასაძლევად მნიშვნელოვანია პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა.
“ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, კვლავ მაღალია. დეკემბერში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ – პირბადის უნივერსალური ტარება, როგორმე უნდა გავზარდოთ და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა,”-აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.