”ჩვენი მუშაობის შედეგად, შარშან გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა – 10.1%, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა. ჩვენ ამ გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა, მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ომი. ეს არის ის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩერდება, რომ რაიმენაირად გადმოსულიყო ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან – რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც, სამწუხაროდ, მათ მიერ არ წყდება.

მე ერთი რამ მინდა ვუსურვო ყველას და, მათ შორის, ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს – მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება. მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ უყურებთ, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკვე 20% არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის. ათი ათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ზოგი ამბობს, რომ ეს არის უკვე ტრილიონი დოლარი, ზოგი ამბობს 700-800 მილიარდი, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს – სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები.აი, ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი ვერ აღადგენს.

ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, პირდაპირ უნდა ვთქვათ – მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ეს, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. ამის შედეგად გარემო, რომელიც არის უკრაინაში შექმნილი და მთელ მსოფლიოში, რეგიონში, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ.”

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.