“ომის პერიოდში, საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზე გადავიდა” – ხოშტარია

“ომის პერიოდში, საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზე გადავიდა” – აცხადებს, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით არის გაზრდილი, ეს კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საწვავის ფასი არ შემცირებულა.

“დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებთ, რაც არის ნავთობი და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი. ნავთობი არის რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. შესაბამისად, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სანქცირების არის რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების შემცირება. ამ პირობებში 2021 წელს საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტით იყო მესამე ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში, რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა. ანუ ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს.

გარდა ამისა, მაისში, აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. რაც მთავარია,  ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საქართველოში საწვავი არ გაიაფებულა. ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოთ ნავთობი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა, რაც არის რუსული ომის მანქანის დაფინანსება, საქართველოს მთავრობისთვის არის ღია კავშირის, ურთიერთობების თემა. ამის გამო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა საქართველო, არამედ ქართული ოცნების ოლიგარქიული მმართველობა უნდა იყოს დასანქცირებული”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.