რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ნებისმიერი ომის სწრაფად დასრულება შეიძლება – ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან როგორც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ. ვიდეოჩანაწერს ამის შესახებ, მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
მედვედევი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი “ძალიან მალე დასრულდება, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
“ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა”.