ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად იმ კომპანიების შემოწმებას იწყებს, რომლებმაც მათ რამდენიმე კვირის წინ მიმართეს საქმიანობის ონლაინ-რეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის მიწოდების უფლების მითხოვნით.
სამინისტროს ცნობით, უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, მათ შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიით და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით ონლაინ ვაჭრობის განმახორციელებელი კომპანიები.
სამინისტროს განცხადებით, შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელონ.
3 აპრილს მთავრობამ ონლაინ ვაჭრობის აკრძალვის შემდეგ განაცხადა, რომ კომპანიებს საქმიანობის ონლაინ-რეჟიმში გასაგრძელებლად მთავრობისგან სპეციალური ნებართვა უნდა მოეთხოვათ.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.