“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რა წნეხის, დევნის და ფინანსური შემოსავლების შეზღუდვის პირობებში უწევს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა. ამის მიუხედავად, ფორმულას არასდროს დაურღვევია ვალდებულებები საკუთარი თანამშრომლების წინაშე.
31 იანვარს, 25-მა ოპერატორმა მოითხოვა ხელფასის დაუყოვნებლივ 500 ლარით მატება. აქვე ვიტყვით, რომ სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე, საშუალო ხელფასი 2500 ლარია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში – 15 დღე.
ადმინისტრაციის განმარტების მიუხედავად, რომ ახლა მატება შეუძლებელი იყო, ოპერატორებმა აღარ ისურვეს დიალოგის გაგრძელება და მეორე დღიდანვე (1 თებერვლიდან) უარი თქვეს საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე. ამ დღეების განმავლობაში ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე. ჩავარდა გადაღებები და საინფორმაციო სამსახური ხარვეზებით ოპერირებდა.
1-ლი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობა. ვთხოვდით, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და ვთავაზობდით ალტერნატივებს. განვუმარტეთ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ ჰქონდა ხელფასის ყველასთვის ზრდის საშუალება. თუმცა, შევთავაზეთ, რომ მათ უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციით, ინდივიდუალურად ყოფილიყო განხილული ხელფასის სამომავლოდ მატების საკითხი და კრიტერიუმები. გვჯერა, რომ ხელფასის მატება ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხია და მიბმულია თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე, უნარებსა და პასუხისმგებლობაზე.
მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. სამი დღის განმავლობაში, მათგან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას/რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას.
უფრო მეტიც, როდესაც ვცდილობდით მოკლე დროში გამოძებნილი ოპერატორების მცირე რესურსით გვემუშავა, რათა ნიუსგამოშვებები ეთერში გაგვეშვა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფები პირადად და სხვა ოპერატორების გავლით უკავშირდებოდნენ გადაღებაზე გასულ ჩვენს თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ იქნა დაცული გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი. ტელეკომპანიის ადმინისტრაციას ოფიციალური შეტყობინება გაფიცვის გამოცხადების (მუშაობის შეწყვეტის) შესახებ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების მიხედვით არ მიუღია.
ოპერატორებმა 3 დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად მოჰყვა გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა. ვწუხვართ, რომ პროტესტის ფორმები და შერჩეული დრო ძალიან მძიმედ აისახა ფორმულას ყველა თანამშრომელზე. სამწუხაროა, რომ ოპერატორებმა არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა.
მკაფიოდ გვინდა განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია დგას თითოეულ თანამშრომელზე და ყველა მათგანი ჩვენთვის ფასეული და მნიშვნელოვანია. ასევე, გვწამს პროტესტის ძალის და 3 წელზე მეტია, შეძლებისდაგვარად ვდგავართ დაჩაგრულთა მხარეს. გაგვიშუქებია გაფიცვებიცა და ბოიკოტებიც, გვესმის ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა როგორ აისახება ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. თუმცა, არ და ვერ ვითანამშრომლებთ ადამიანებთან, რომელთაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი თავად არ აქვთ გააზრებული.” – ნათქვმია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.