ოპერის 17 გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის” ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს.
“25 თანამშრომელი გაიფიცა, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მათი ხელფასი 500-600 იყო, გაფიცვა გაგრძელდა 53 დღე. პროფკავშირმა ყველა იურიდიული პროცედურა დაიცვა, ხოლო ოპერის ადმინისტრაციამ პირიქით ყველა პროცედურული ნაბიჯი სამართლებრივად მცდარად გადადგა.
ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას საჩივრით, რამაც ოპერის ადმინისტრაცია გააცეცხლა, რადგან მათ ბევრი პრობლემა აქვთ დასაქმებულებთან. ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება.
პროცედურის დაცვით ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი ამ უნამუსოებმა, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა. ეს არის ფაშისტური კულტურის პოლიტიკა და ვინც ამას ამართლებს არის ჩვეულებრივი ფაშისტი! ეს ხალხი არის ჩვენი ქვეყნის სახადი!
იმ ასამდე სარჩელს, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემის წინააღმდეგ არის შესული სასამართლოში კიდევ 17 სარჩელი დაემატება!” – წერს წიქარიძე.