ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს – არჩილ თალაკვაძე

“სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალელური დათვლის შედეგებზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “სამართლიანი არჩევნების” მიერ ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნებას.

“ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკოს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა. უკვე მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ ამბობდნენ უარს გადათვლაზე, უბნების მიხედვით მონაცემების შედარებაზე და ყველაფრის გადამოწმებაზე. მათ, მთელი ეს პროცესი ცრუ ბრალდებას დააფუძნეს – რეალურად არჩევნები არ გაყალბებულა. ეს იყო შანტაჟი ოპოზიციის მხრიდან და პოლიტიკური აფერა. რაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ, ოპოზიციის მთავარ ბრალდებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა, აცამტვერებს. იმთავითვე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო უსაფუძვლო”, – განაცხადა თალაკვაძემ.