ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ყველას, ვინც თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვდა.
მისი თქმით, ოპოზიციამ 2 ოქტომბერს მარცხი უნდა მიიღოს და შემდეგ საზოგადოებასთან ერთად “იმეცადინოს” 2024 წლისთვის.
“ოპოზიციას არც არჩევნების გადადება უშველის, არც გადმოწევა და არც თარიღის შეცვლა. ოპოზიციამ ის მარცხი უნდა მიიღოს, რასაც 2 ოქტომბერს საზოგადოება გაუფორმებს და ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში კარგად დაჯდეს და იმეცადინოს საზოგადოებასთან ერთად. 2024 წლისთვის თუ კარგად მოემზადება, საზოგადოებამ შეიძლება გადახედოს გადაწყვეტილებას.
სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ცრუ ინფორმაციების გაგზავნა იქნება თუ კოვიდის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის, არ უშველით, რადგან საზოგადოება პოლიტიკურად საკმაოდ გაიზარდა და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ქვეყანას სჭირდება”,– თქვა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სააკაშვილმა განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება 2 ოქტომბრის არჩევნების გადადებას.