“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებზე და არ აქვს პროგრამა.
“ისინი არ იყენებენ გარე სარეკლამო სივრცეებს, მათ შორის, არ აქვთ ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ. ოპოზიცია არ იყენებს ფასიან საეთერო დროს, იყენებენ მხოლოდ უფასო სარეკლამო დროს, რათა არჩევნებში მათი გარდაუვალი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი”,– ამბობს პაპუაშვილი.
მისივე განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტებში არ დააყენეს ისეთი კანდიდატები, “რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ, რათა არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა მანიპულაციას და მათი წარმომადგენლები სწორედ ამიტომ დამარცხდნენ”.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია შეგუებულია გარდაუვალ მარცხს და არეულობისთვის ემზადება.