ოპოზიციას კლასიკურ დებატებს ვთავაზობთ, უარი კაპიტულაციად ჩაითვლება – კობახიძე

ქართული ოცნების მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ოპოზიციას კლასიკურ დებატებს სთავაზობს და არა შოუს.

“ჩვენ ოპოზიციას ვთაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს. ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინიციატივა პირველად გაჟღერდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, ჩვენ მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ერთგვარი ექსკლუზივი დებატების ორგანიზებაზე.

შეგვიძლია დავსხდეთ კონრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში, ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზი ამ არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ისინი უნდა კლასიკურ დებატებს”, – ამბობს კობახიძე.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დებატებზე უარს იტყვის, ეს ოპოზიციის კაპიტულაციად ჩაითვლება.

“გუშინ მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზებისა, რაც ნათელს მოჰფენს საარჩევნო პროცესს. მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიები: ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, გირჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ ქართულ ოცნებასთან დებატი ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა მოეწყოს.

მათი თქმით, დებატები შესაძლებელია მოეწყოს შემდეგ კვირას, ისეთი ფორმატით, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ.