ოპოზიციას სულ არ ენაღვლება რურუა – გია ვოლსკი

უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიციას გიორგი რურუას გათავისუფლება არ ენაღვლება. მისი თქმით, ოპოზიციას უნდა, დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ ჩაჯდება და ვინ გამოვა ციხიდან.

„სულ არ ენაღვლებათ რურუა. თემა ის არის, რომ თურმე ჩვენ გვაქვს მისი გათავისუფლების რესურსი ანუ, მთავრობას ან პარტიას შეუძლია, უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე აღიარებითი ჩვენება გააკეთოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ იჯდება ციხეში და ვინ გამოვა. ეს თემა უკვე გავიარეთ. იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაესვათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ.

სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ეს ის რეალობაა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ და მათი მიზანია, ამ რეალობის შეცვლა. სურთ, საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ თურმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ერთი მიზანი და მეორეა, რომ გარკვეული ვალდებულება აქვთ. ამას ასრულებენ, თამაში უწევთ და რთულ დღეში არიან,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ ოპოზიციასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებდნენ. ოპოზიცია ითხოვს, სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც, ოპოზიციის განმარტებით, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.