ოპოზიცია არაადეკვატურია მას შემდეგ, რაც ვერ დაამტკიცა არჩევნების გაყალბება – ხვიჩია

გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, დანიელსონის მეორე ვიზიტის შემდეგ ცხადი იყო, რომ საქართველოს ევროპული მომავალი რაღაც თვალსაზრისით ეჭვქვეშ დგებოდა.

მისი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები მხარეებმა “პატარა ბავშვივით გააბაიბურეს და უკან გააბრუნეს”.

ხვიჩიას აზრით, ზურაბიშვილს ქართულმა ოცნებამ გიორგი რურუა უნდა შეაწყალებინონ, ოპოზიციამ კი თავი უნდა დაანებოს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას.

„ამ ამბავში სხვადასხვა დოზით, მაგრამ ორივე დამნაშავეა და ორივე ღებულობს ამ პასუხისმგებლობას. თუ უნდათ გამოსწორება, ორივემ თავიანთი პოზიციებიდან უკან უნდა დაიხიონ. ქოცებმა კეთილი ინებონ და საკუთარ დანიშნულ პრეზიდენტს რურუა შეაწყალებინონ, ხოლო ოპოზიცია დათმობაზე უნდა წავიდეს და თავი დაანებოს უაზრო მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების შესახებ. ოპოზიცია არის არაადეკვატური. მას შემდეგ რაც ვერ დაამტკიცა არჩევნების გაყალბება, მაინც ჰგონია, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამ მოტივით ითხოვს ხელახალ არჩევნებს”,- ამბობს ხვიჩია საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება “ჭკუაზე მოვა”, მაშინ ოპოზიციაც ავტომატურად იმავეს იზამს, თუმცა “თუ ჭუაზე არ მოვა”, “უჭკუოდ დარჩება”.