ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის და “მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე”.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მოსახლეობას კი რევოლუციები არ სჭირდება.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველსავე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები გვაძლევს, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. ჩვენ მუდმივად დავდივართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ნდობის მანდატს მოგვანიჭებს.
რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, ყოვლად მიუღებელია! მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები,“- განაცხადა თურნავამ.