ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

დღეს ოპოზიციის საერთო დოკუმენტი გამოქვეყნდება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წილაურმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ  მნიშვნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო და სწრაფი მოქმედება, რომ ეს გეგმა შესრულდეს.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართულობა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ სხდომების ჩატარება დაჩქარებული წესით მოხდეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს გეგმა როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12 პუნქტი. ეს გეგმა მოიწონა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიმართულია იმ კანონების შეტანაზე პარლამენტში განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს გეგმის შესრულებას. ჩვენთვის მნიშნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო, სწრაფი მოქმედებები იმისათვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დღეს იქნება მიმართვა პრეზიდენტის სახელზე და დაველოდებით მის პასუხს. ასევე მნიშვნელოვანია „ოცნების“ ხელისუფლება ჩაერთოს ამ საქმეში და პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საქმეს, საჭირო იქნება პარლამენტის სხდომის დაჩქარებული წესით მოწვევა და კომიტეტების განხილვების დაჩქარებული წესით წარმოება. არ მაქვს დიდი ოპტიმიზმი, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს. მზად იქნება ხელმოსაწერად განცხადება, რომელსაც ცოტა ხანში წარმოვადგენთ და დავინახავთ – ვინ არის რეალური ოპოზიცია, ვინ კი ხელისუფლების ინტერესების ლობირებით არის დაკავებული“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაური.