საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო.
ფოფხაძის თქმით, პირველი იყო ეროვნული მოძრაობის დამსახურება, როდესაც მრგვალმა მაგიდამ მაშინ მიაღწია იმას, რომ ოქტომბერში ჩატარებულიყო შერეული სისტემით, მაგრამ უფრო პროპორციული სისტემითაც და მოსახლეობამ ხმა მისცა დამოუკიდებლობის იდეას.
როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ და უახლოეს წარსულში ქართულმა ოცნებამ სპეკტაკლის შედეგად საარჩევნო სისტემის ცვლილება ჩააგდეს.
“მეორე გაერთიანებული ოპოზიცია როცა იყო, ნაციონალურმა მოძრაობამ დადო პირობა, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და ისევე როგორც ბევრი სხვა პირობა, ეს პირობა გარკვეული სიცრუის და სპეკტაკლის შედეგად ჩააგდო. და ასეთი სპეკტაკლის მოწმე ჩვენ გავხდით უახლოეს წარსულში, როცა ქართულმა ოცნებამ კენჭისყრა ჩააგდა და ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო მნიშვნელოვანი”,- ამბობს ფოფხაძე.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილავს არ ესწრება, არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე.
“მე ძალიან კარგად მესმის, რომ ოპოზიცია, რომელიც ასეთი საკითხის განხილვაზე არ შემოდის და ხმებს გვამადლის, არის არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია. უმრავლესობა, რომელმაც ჩააგდო ეს თავის დროზე, მოიქცა არასახელმწიფოებრივად, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება არა ოპოზიციის და უმრავლესობის ინტერესი, არამედ ქართველი ხალხის ინტერესი”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს.