ოპოზიცია უნდა შევიდეს ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხოს ხელისუფლება – განაცხადა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სასამართლო პროცესზე.
“ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. ხელისუფლებას ისინი ამ ველში ვერ გადმოითრევენ, პირიქით, თვითონ უნდა შევიდნენ ამ სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. მოაგვარონ ადამიანების პრობლემები ნებისმიერი გზით, მით უმეტეს, როცა თვითმმართველობის ორგანოებში ასეთი ფართო წარმომადგენლობა ჰყავთ. აიძულონ, როგორც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა თბილისის საკრებულოს მეშვეობით, როგორც შალვა ნათელაშვილმა მოიგო საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები დენის ფასთან და თუ არ ვცდები, საყოველთაო განათლებასთან დაკავშირებით. ეს იყო რეალური შედეგები სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით არა მათი მოგვარების გზების შეთავაზება, არამედ მათი რეალური მოგვარება”, – თქვა ნიკა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას.