ოპოზიცია ფუტკარაძის საქმეზე ელჩებთან და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს აჭარის ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას აპირებენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან ჩავალთ აუცილებლად თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტურად, პირადად ავუხსნათ რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ.

მისი განმარტებით, უნდათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებსა და სახალხო დამცველს პირადად მიაწოდონ მტკიცებულებები და აუხსნან ფაქტები, რაც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის ბრალეულობას ადასტურებს.

კირთაძე აღნიშნავს, რომ ჩანაწერებში იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდა, თუმცა ისინი ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ცნობისთვის, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ენმ-მ განაცხადა, რომ მასზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და რამდენიმე ადამიანი დაკითხა.