“დღეს ქართულმა ოცნებამ უზენაეს სასამართლოში “აირჩია” ოთხი შემსრულებელი. ამ პროცესს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ უცხადებს ნდობას!

ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრას დემარშით ვუპასუხეთ, ნაწილმა – წინააღმდეგ მისცა ხმა. (მიუხედავად პოზიციების გამოხატვის განსხვავებული ფორმებისა, ოპოზიციიდან არავინ “გაათეთრა” ეს პროცესი! ყველას პოზიციას ძალიან ვაფასებ).

თუ მკითხავთ, შიგნით რატომ არ გამართეთ დებატი და არ ამხილეთ კანდიდატებიო, მაინც რომ იცოდეთ: რეგლამენტით, მოსამართლეები აირჩევიან მდუმარედ, გამოსვლას და დასაბუთებასაც კი არ ითხოვს კანონი და აბა ოცნება კანონს ხომ არ დაარღვევდა. მდუმარედ აირჩიეს.

ცნობისთვის: ოპოზიციას დიდი ხანია წარდგენილი გვაქვს სასამართლო რეფორმის ჩვენი ხედვა, ოცნება ტყუის, როცა ამბობს – საქმის კეთება არ უნდათ, მარტო კრიტიკა უნდათო. ან საქმე რა იციან, ან კრიტიკა.

გამოსვლის წინ გადავძახე: ღმერთმა შეგარგოთ ადეიშვილის სასამართლოს საბოლოოდ გადაბარებათქო. ზოგი კოლეგა შეშფოთდა, ალბათ გუნდში არწმუნებენ რომ ილია ჭავჭავაძისნაირ მოსამართლეებს არჩევინებდნენ და ოპოზიცია ჭედავდა პროცესს, ხელში კი შერჩათ ის სასამართლო, რომლის უსამართლობის მოტივითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში და ინარჩუნებენ ძალით სკამებს!

დაფიქსირდით: ვის უნდა რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ვის – პოლიტიკურად მართული, ოღონდ სხვისი პარტიის მართული არ უნდა, თავისი პარტია რომ მართავდეს, ის უნდა.

ქართული სასამართლო სულ, ყველა დროში, მძიმე დღეში იყო და არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი. ამის აღიარების გარეშე, ვერასდროს შევქმნით ახალს და დამოუკიდებელს. რომ შევქმნით, ეს ვიცი!”

ასე ეხმიანება ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატის უვადოდ დანიშვნას.