”ყველას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი იმაზე, თუ როგორ უფრო ეფექტიანი იქნება ოპოზიციის ბრძოლა. მოვისმინე მისი [გიორგი მარგველაშვილის] განცხადება, რომ მას მიაჩნია, ოპოზიციამ პარლამენტში არ უნდა გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა, ზუსტად ვერ მოვისმინე ეს რა შედეგს მოიტანს […] ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია, თუ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულად პასუხი კითხვაზე, რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი რა შედეგის მომტანია, მაშინ ადვოკატირება ამ ნაბიჯის ჩემთვის გაუგებარია.
ჩემი აზრით, დღეს პარლამენტი შემდგარია, ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან, მას, როგორც ინსტიტუციას არ დააზიანებს, მაგრამ ძალიან დააზიანებს ოპოზიციას, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რადგან დღეს, როდესაც ქართული ოცნების სახით, სანდო პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციამ დემონსტრაცია გაუკეთოს იმას, რომ დიახ, სწორედ ოპოზიციის სახით დასავლელ პარტნიორებს ჰყავთ სანდო და სერიოზული პარტნიორი, ამიტომ, ყველა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, ჩემი აზრით, უნდა ითვალისწინებდეს ამ საერთაშორისო კონტექსტს, გარდა იმისა, რომ გამოკითხვები არსებობს, მაგალითად – ქართველი ამომრჩევლის მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ საერთოდ საინტერესოა თემა, პარლამენტში იქნება თუ არა ოპოზიცია, ანუ ქართველ ხალხს ეს არ ადარდებს, დასავლეთში ვფიქრობ დაამძიმებს ოპოზიციის ვითარებას და რაც მთავარია, ვერ გახდება ვერანაირი “ტრიგერი” რაიმე პოლიტიკური კრიზისის, რადგან, ჩვეულებრივად გააგრძელებს ეს პარლამენტი მუშაობას, იქნება თუ არა ოპოზიცია აქ. დღეს ჩვენ თუ შეიძლება საგრძნობლად დავაზიანოთ ქართული ოცნება, იქნებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლიდა ქართული ოცნების კავშირებს რუსეთის სპეცსამსახურებთან, რაც აუცილებელია ოპოზიციის თანამონაწილეობით.”
ამის შესახებ, პარტია ”ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ტაბულასთან” საუბარში განაცხადა.