პარლამენტს ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძეა, რომელმაც წინა კვირას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე დეპუტატი ენმ–ძალა ერთობაშიას წევრი ბაჩუკი ქარდავაა. მისი განმარტებით, მას პირადად არ გაუგზავნია საბანკო რეკვიზიტები, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის აპარატიდან ზარის შემდეგ რეკვიზიტები მისმა წარმომადგენელმა მიაწოდა. ქარდავა ამბობს, რომ თუ ხელფასი ჩაერიცხება უკან დააბრუნებს, ან საგაზაფხულო აქციებისთვის ტექნიკურ აღჭურვილობას შეიძენს.
პარლამენტის აპარატს საბანკო რეკვიზიტები გადაუგზავნა ევროპული საქართველოს წევრმა ტარიელ ნაკაიძემაც. ტარიელ ნაკაიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ ამ ფულით აქტივისტებს დაეხმარება.
“მივიღე წერილი პარლამენტიდან. მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა, რათა მომხდარიყო ანგარიშზე ჩარიცხვა ჩემი კუთვნილი ხელფასისა, რომელიც ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს, იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ წერილობთ პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტონ უფლებამოსილებები. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს ქართული ოცნების მიმართ დაუღლელად შრომობენ ადამიანები, აქტივისტები, რომლებსაც უჭირთ და არ აქვთ საშუალებები, რომ უფრო მეტად გააფართოვონ თავისი ბრძოლა, მე დავეხმარო მათ”,– ამბობს ნაკაიძე.
დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს ხელფასის ასაღებად საბანკო რეკვიზიტები გადაუგზავნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესვლა უნდათ.