რამდენიმე წუთის წინ, პოლიცია “დროას” ოფისშიც შევიდა. პოლიციელი პარტიის წევრებს ლაზერებსა და პიროტექნიკაზე უსვამს კითხვებს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოფისი დაკეტილი იყო და ადგილზე მისვლისას მათ პოლიცია შენობაში დახვდათ.
პოლიციაა მარი ბროსეს 6 ნომერშიც, სადაც ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მივიდა. ადგილზე ვითარება დაძაბულია. ხაბეიშვილი ოფისში შესვლას ითხოვს, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა შესაბამის დოკუმენტს პარტიის წევრებს არ აჩვენებენ.
პარტია ახალის ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატრა – ლაივ ვიდეო, პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გვარამიას თქმით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე შევიდნენ შსს-ს თანამშრომლები პარტიის ოფისში.
მოგვიანებით, გვარამიამ ტელეკომპანია მთავართან აღნიშნულ ფაქტზე კომენტარიც გააკეთა.
“ეს არის ავტორიტარიზმი, უკვე გადადის დიქტატურაში და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების ჩხრეკა, დაყადაღება, პოლიტიკური ლიდერების დაჭერა, ეს ნორმალური მოვლენაა დიქტატურებისთვის.ამის ნორმალიზაცია ხდება რეალურად, მოდი ასე ვთქვათ – პოლიტიკოსები ამისთვის მზად ვართ და ვინც არ არის, უნდა იყოს ამისთვის მზად იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განმათავისუფლებელი მოძრაობა ფაქტობრივად. ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის რუსეთი, დანარჩენი სახელები და გვარები, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, რიგითი პოლიციელით დამთავრებული, არის რუსეთის ფსევდონიმები, მეტი არაფერი.ამიტომ, მზაობა ამისთვის არსებობს – ყველას მინდა ვურჩიო, რომ ფრთხილად იყვნენ.არაფერი უკანონო პარტიების ოფისში არ ხდება, მაგრამ მაინც დაიზღვიონ თავი ისედაც, ვთქვათ – რასაც ესენი გამოიყენებენ, თქვენს წინააღმდეგ მოგონილი, ასე ვთქვათ მტკიცებულების სახით, ამას გადახედონ.ამას ვურჩევ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ტელევიზიებსაც”. – ამბობს გვარამია.