კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მონაწილეობაზე საჯარო უარის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლების მობილიზებისათვის.
“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილები იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლების მობილიზებისათვის.
აქედან გამომდინარე, გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით”,– აცხადებს კახა კალაძე.
ხვალ, 17 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.