“ორგანიზმი საკუთარ თავს ინელებს” – სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. ნევროლოგ თენგიზ წულაძის შეფასებით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია.
“მოვინახულეთ მიხეილ სააკაშვილი. რაც ვნახეთ, უფრო სუსტად გამოიყურება. ჩვენ გავეცანით ისტორიის მონაცემებს, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს, რომ პაციენტის უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს. იმ ცილებს, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, იღებს ორგანოების და კუნთების დაშლის საშუალებით, შესაბამისად, ამ დროს კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება და ადამიანის მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული. ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.
ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი ნორმის კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე, 600-800 კალორიას დღეში, მეტს არ იღებს, რომელშიც, პრაქტიკულად, ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევე არის გამოხატული წამოდგომის დროს წნევის ვარდნა, რასაც გონების დაკარგვა არა, მაგრამ მისი წინარე მდგომარეობა მოჰყვება ხოლმე. შესაძლებელი და მოსალოდნელიცაა, ამას მოჰყვეს გონების დაკარგვა”. – განმარტა თენგიზ წულაძემ.
კონსილიუმის წევრის ინფორმაციით, სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ “როგორც ჩანს, ეს გარემო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია”.
“მათ შორის, ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის და ის შეგნებულად თუ შეუგნებლად უარს ამბობს ამ ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც საბოლოოდ მოსდევს ცილოვანი შიმშილი”,– აღნიშნა წულაძემ.