ორივე მხარემ უნდა დათმოს, დანიელსონი უახლოეს დღეებში შეთავაზებებს გააკეთებს – ბორელი

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეპ ბორელი ამბობს, რომ მოლაპარაკებებში საჭიროა ორივე მხარემ დათმოს, რათა ორივესთვის მისაღებ შედეგს მიაღწიონ. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“განვიხილეთ მედიაციის შედეგები, რომელსაც უძღვება პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი. სამწუხაროდ, ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, მაგრამ ბატონ პრემიერთან საუბარში, რამდენადაც მე ვიცი, პროგრესის მიღწევისკენ ნაბიჯები იდგმევა. იგივე უნდა განახორციელოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი წარმოადგენს თავის წინადადებებს, რომელსაც რამდენიმე დღეში მოვისმენთ და როგორც მსგავს სიტუაციაში ხდება, ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული”,– თქვა ბორელმა.

მისივე განცხადებით, მმართველ პარტიას  და ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რათა პროცესი წინ წავიდეს, გარდა ამისა, ბორელი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება არ უწყობს ხელს დემოკრატიის მუშაობას და პოლიტიკურ პლურალიზმს.

“პარლამენტის ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით. ყველა პარტიამ და პოლიტიკურმა აქტორმა საქართველოში არსებული სიტუაციის უფრო ფართო შედეგები უნდა გაითვალისწინოს, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესი დაისახონ და გამონახონ კომპრომისი.

სამწუხაროდ, შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა, თუმცა პრემიერმინისტრთან საუბრის დროს ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ ის მყარად ერთგულებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას და პროგრესს. იგივე ქმედებებია საჭირო ოპოზიციის მხრიდანაც.

ქრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს, იმ საკითხების ფარგლებში, რაზეც ვისაუბრეთ და რასაკვირველია, როგორც არსებული სიტუაცია მოითხოვს, ორივე მხარის კომპრომისი იქნება საჭირო, რათა ყველა მხარისთვის მისაღები შედეგი მივიღოთ”,– თქვა ჯოზეპ ბორელმა.