“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების” ინსტიტუცის ინფორმაციით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ორ აბიტურიენტს, რომლებიც რელიგიური მრწამსის გამო შაბათ დღეს გამოცდაზე ვერ გადიან, თარიღის შეცვლაზე უარი უთხრა. ამ მიზეზით, მათ დისკრიმინაციის მუხლით გამოცდების ცენტრს სასამართლოში უჩივლეს.
“ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც”, – წერია განცხადებაში.
TDI-ს განმარტებით,27 ივნისს, გამოცდების განრიგის გაგების შემდეგ აბიტურიენტებმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს და თხოვეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდა გადაეტანათ, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება.
ორგანიზაციის ცნობით, გამოცდების ეროვნული ცენტრმა აბიტურიენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებული იყო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინგლისური ენის გამოცდა 17, 18 და 19 ივლისსაა ჩანიშნული და არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, ჩააბარონ სხვა დღეებში.
“როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ 2020 წელს ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო უწყების უარი არის ასევე დისკრიმინაციული”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენის შემდგომ, TDI სარჩელით მიმართავს სასამართლოს გამოცდის გადატანაზე უარის ბათილად ცნობის, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. მათივე ინფორმაციით, საკითხს სწავლობს სახალხო დამცველიც