ორი მტერი გვყავს, კორონავირუსი და ნამდვილი რუსი, ანუ სახელმწიფო რუსი – კახაძე

უმრავლესობის დეპუტატის ლადო კახაძის თქმით, საქართველოს ორი მტერი ჰყავს, ერთი კორონავირუსი, ხოლო მეორე – რუსი, ანუ სახელმწიფო რუსი (რუსეთი). კახაძემ გიორგი გახარიას სთხოვა, მეორე ვირუსის ლოკალიზება და საკარანტინო სივრცეში მოთავსება უზრუნველყოს, რაც კორონავირუსის შემთხვევაში წარმატებით გამოუვიდა.

“ერთსაც ახასიათებს ტალღურობა, ფაზები და მეორესაც ახასიათებს ფაზები. ეს ფაზა განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში ძალიან მწვავდება არჩევნებიდან არჩევნების დროს, მაგრამ ჩვენ საკმაო გამოცდილება დავაგროვეთ, კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური განხილივისა და წარმატება მივაღწიეთ პირველ წყაროს დადგენაში და მის იზოლაციაში საკარანტინო სივრცეში, მერე განკურნების მცდელობა.

ერთ ვირუსსაც და მეორე ვირუსსაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მომხრეები ჰყავს, საკმაოდ ძლიერად გამოხატული და კარგ დროს შერჩეული მომხრეები, როდესაც უნდა დაიწყო ლაპარაკი. მე გთხოვთ, ის გამოცდილება რაც კორონავირუსის დროს დააგროვეთ, წარმატებით გამოიყენოთ მეორე ვირუსის ლოკალიზაციისათვის და საკარანტინო სივრცეში მოთავსებისათვის”,– თქვა ლადო კახაძემ.

მან პრემიერს ასევე ჰკითხა, როგორია მისი ხედვა სასმელი წყლის განვითარებასა და მხარდაჭერაში. გარდა ამისა, კახაძე დაინტერესდა, რას ფიქრობს პრემიერი დავით აღმაშენებლის ძველ ადგილზე დაბრუნებაზე.