„პრაქტიკულად, დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა ინტელექტუალური ძალა გავიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერჩა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია და ავტორიტეტი, სხვა არაფერი. აშკარად ჩანს, რომ ხაბეიშვილმა მოახდინა დისკრედიტაცია. ლაპარაკი არ შეუძლია, ვერ გაიგებ, რა უნდა. მხოლოდ გაიძახის ერთი და იგივე სიტყვებს – „რუსული ოცნება“, „რუსული ოცნება“. გავიგეთ „რუსული ოცნება“, მაგრამ თვითონ ვინ არიან, „ნაციონალური მოძრაობა“ რა არის, არ ჩანს. რას სთავაზობენ საზოგადოებას, როგორ სთავაზობენ სიღარიბის დაძლევას, გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, არაფერზე არ ლაპარაკობს ხაბეიშვილი. ამ ფონზე, ბუნებრივია, ვაშაძე გამოირჩევა თავისი გამართული, ლოგიკური, დამაჯერებელი რიტორიკით და შესაბამისად, სერიოზული ინტელექტუალური შენაძენია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რა თქმა უნდა, ცალსახად და მკაფიოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამით მიემატა უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომელიც ილაპარაკებს უფრო ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ეს, რა თქმა უნდა, გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე შეეძინა დადებითი ვაშაძეს. ვაშაძე მარტო თავისი პარტიით ვერ გადალახავდა 5%-ს, ვერც იმ გაერთიანებით, რაც იყო ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან ერთად, ამიტომ მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მისი რამდენიმე თანაგუნდელი ალბათ, მოხვდება წამყვან სიაში და პარლამენტში. ამიტომ ეს არის ორი პარტიის ურთიერთსასარგებლო ნაბიჯი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს გამარჯვებასთან და „ქართული ოცნების“ დამარცხებასთან. ეს არის შიგნით „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება ისე, რომ თან გაძლიერდა ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა ნამდვილად. მე ამაში დარწმუნებული ვარ,“

ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ორი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება შეაფასა.