პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ მინისტრთა საბჭოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც ორი რუსული რაკეტა ლუბლინის ვოევოდაში უკრაინის საზღვართან, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტები მარცვლეულის საშრობებს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
სოფელი ფშევოდუვი,სადაც რაკეტები ჩამოვარდა, უკრაინის ლვოვის რეგიონის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მდებარეობს.
ზოგიერთი მედიასაშუალება იუწყება მშვიდობიანი მოსახლეობის – 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ფოტო ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. ოფიციალური პირები ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
რუსეთმა სამშაბათს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით რუსებმა ერთ დღეში 100–მდე რაკეტა გაისროლეს.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიქსმა დაადასტურა. “ვუსამძიმრებ პოლონელ ძმებს. კრიმინალური რუსული რეჟიმი უშვებს რაკეტებს, რომლებიც მოხვდა არა მხოლოდ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ დაეშვა ნატოს ტერიტორიაზე პოლონეთში”, – წერს პაბრიქსი Twitter-ზე.
ინციდენტის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური Radio ZET ავრცელებს თავის წყაროებზე დაყრდნობით, მაგრამ არ მიუთითებს, თუ საიდან მოფრინდა რაკეტები. Associated Press-ი აშშ-ის დაზვერვის ანონიმ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ნამდვილად ჩამოვარდა.
ამავდროულად, პენტაგონი ჯერ არ არის მზად, ოფიციალურად დაადასტუროს მონაცემები ორი რუსული რაკეტის შესახებ, რომლებიც პოლონეთში ჩამოვარდა. აშშ-ს თავდაცვის უწყების სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენტაგონმა ნახა პრესაში ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ „ამ მომენტში მათ არ აქვთ ინფორმაცია ამ ცნობების დასადასტურებლად და აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას“.