გირჩის ლიდერი და დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება ხელისუფლების მიერ ეკონომიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
“მაგ მიმართულებით სიტუაცია უარესდება და ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ეგ იყოს მთავარი სალაპარაკო თემა. ეკონომიკური პრობლემები იმდენად მძიმეა, რომ ყურადღებას ვერ გადაიტან რამე მარტივი თემით, ამიტომ საჭიროა მძიმე და მყვირალა თემა, ასეთი თემაა ქვეყნის ღალატი. ამიტომ 2 უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს ტყუილად. მოგვიწევს სულ ამაზე ლაპარაკი და აღარ დაგვრჩება დრო იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ორი უდანაშაულო ადამიანი შეწირეს საკუთარ პოლიტიკურ დღისწესრიგს, ბინძურად და ცუდად”,– ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.
ცნობისთვის, დღეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.