გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზით ცალსახად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი. თუმცა, მისი ინფორმაციით, ორშაბათიდან შეიძლება, დაინიშნოს ექსპერტიზა, რომელიც გამოძიებას სჭირდება.
„ჩვენ უკვე ოჯახი ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ამ ექსპერტიზით ცალსახად დადასტურდა გიორგი განზრახ მკვლელობის ფაქტი. ჩვენი მონაცემებითა და ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი მტკიცებულებებით, ოჯახი მიიჩნევს, რომ უკვე დადასტურებულია ეს ფაქტი, მაგრამ თუ გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ უფრო მეტი მტკიცებულება უნდა, უფრო ახლოს უნდა მიახლოვება ვითარებასთან, რათა თითოეულ მათგანს ცალკე წაუყენოს ბრალდება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ დამატებით დანიშნონ ექსპერტიზა და უფრო ზუსტი პასუხი მიიღონ. სავარაუდოდ, ორშაბათიდან, შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზები, რომლებიც გამოძიებას სჭირდება.რა თქმა უნდა, საქმე რომ გადაკვალიფიცირებულია მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქციელი და სწორი მიდგომა“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.