ორჯერ ვაქცინირებული პირებიდან ჰოსპიტალში მოხვდა 0,9%, რეანიმაციაში მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0.3%-ს, ხოლო გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„1-ელი მარტიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ინფიცირებული პირების 96% ვაქცინირებული არ ყოფილა, უდიდესი ნაწილი ინფიცირდება ის, ვინც აცრილი არ არის. არავაქცინირებული პირების 97% მოხვდა კლინიკაში, რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა 1%-ზე ნაკლებს. ორი დოზით ვაქცინირებულთა შორის იყო ინფიცირების შემთხვევები, აქედან ჰოსპიტალში მოხვდა 0,9% და რეანიმაციული მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0,3%-ს მაშინ როდესაც რეანიმაციაში მოხვედრილი პირებიდან არავაქცინირებული იყო 98%. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არის ძალიან ეფექტური ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. გამორიცხული არაფერი არ არის, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ ექნება, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ორჯერ ვაქცინირებული პირი დაინფიცირდა. იყო რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა ორჯერ ვაქცინირებული პირების, რაც მძიმე თანხმლები დაავადების გამო მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე რაიმე მიზეზით უარი უნდა ვთქვათ. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გამოსავალი, ამიტომ ვცდილობთ მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.