ოქმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და სადაც საჭიროა, ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები – NDI

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI–ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს იქ, სადაც საჭიროა.

“ამ ეტაპზე იმას ვიტყოდით, რომ მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა”,– თქვა გილამმა.

მისივე განცხადებით, საჭიროა გამოძებული იყოს ძალადობისა და დაშინების შესახებ გავრცელებული ცნობები და კანონის სრული ძალით გასამართლდნენ მისი დამრღვევები.

ალან გილამი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

„შემდეგი გამოცდა მეორე ტურია, რომელიც უნდა გაიმართოს მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და შიშისა და დაშინების გარეშე. მთავრობამ და საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებელი და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგან იმის საჩვენებლად, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ“, – აცხადებს ალან გილამი, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.