ოქრიაშვილი: ოპოზიციას რამდენიმე დღეც რომ მოეცადა, უკეთეს შედეგებს დავდებდით

პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოაწერს.

“არ მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდა – პირიქით, ახლა იწყება. 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა. შემოდგომაზე ჩვენ გვაქვს 43%-იანი პლებისციტი და არა მორიგი, ან ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ფაქტობრივად, ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ საპარლამენტო არჩევნები დასრულებული არ არის, რადგან მათ შეეშინდათ ამ დოკუმენტში ხალხის მხრიდან ვითომდა მიღებული ე.წ. მხარდაჭერის 48 %-ის ჩაწერა.

მინდა ვთქვა, ოპოზიციის ერთიანობა რომ ყოფილიყო და რამდენიმე დღეც რომ მოეცადათ ხელმოწერამდე, საერთო ძალისხმევით უკეთეს შედეგებს დავდებდით, თუმცა ეს საკითხი უკვე ჩავლილია. რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესს, იგი ყოველგვარი დამამცირებელი პროცედურებისა და გირაოს გადახდის გარეშე, სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან. როგორც კი პოლიტპატიმარი ნიკა მელია გათავისუფლდება, იმავე დღეს მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას”. – ამბობს კახა ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოაწერა “ლელომ”, ქართულმა ოცნებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, რესპუბლიკურმა პარტიას, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, გახარიას გუნდმა, მოქალაქეებმა, ხოლო მას ინდივიდუალურად ხელს აწერენ სალომე სამადაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და არმაზ ახვლედიანი.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და თაკო ჩარკვიანმა.