დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ ბრალი წაუყენა ოთხ მამაკაცს ოქროს უნიტაზის ქურდობაში, რომელიც იტალიელი კონცეპტუალური მხატვრის მაურიციო კატელანის ნამუშევარია სახელწოდებით “ამერიკა”. უნიტაზი ინგლისში 2019 წლის შემოდგომაზე გამოფენიდან მოიპარეს.
ოთხივე ბრალდებული ოქსფორდის სასამართლოში 28 ნოემბერს გამოცხადდება სისხლის სამართლის პროცესის პირველ ეტაპზე, რომელიც დიდხანს გაჭიანურდება, რადგან ბრიტანეთის სასამართლო სისტემა უკვე გადატვირთულია და საქმეები სერიოზულად ჩამორჩება ვადას.
მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში 18-კარატიანი ოქროსგან უნიტაზი ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მოხვდა . ის დაახლოებით 100 კგ-ს იწონის, ღირებულება კი თითქმის 6 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
2016 წელს ის ნიუ-იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში დამონტაჟდა. მის გამოსაყენებლად რიგში 100 ათასი ადამიანი იდგა. ტუალეტის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, წინასწარ უნდა ჩაწერილიყავით სიაში. ყველა მსურველს სამი წუთი ქონდა განკარგულებაში.
კატელანის პირველი პერსონალური გამოფენისთვის დიდ ბრიტანეთში 20 წლის განმავლობაში, ტუალეტი ბლენჰაიმის სასახლეში, მარლბოროს ჰერცოგების საგვარეულო რეზიდენციაში, ინგლისის ოქსფორდშირის საგრაფოში გადაიტანეს, იმ ოთახის მოპირდაპირედ მდებარე ოთახში, სადაც 1874 წელს უინსტონ ჩერჩილი დაიბადა .
ტუალეტის დამონტაჟებამდე ჰერცოგის ნახევარძმამ ედვარდ სპენსერ-ჩერჩილმა, ბლენჰეიმის ხელოვნების ფონდის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ტუალეტის მოპარვა, თუნდაც ვინმეს ასეთი აზრი მოსვლოდა თავში, მარტივი საქმე არ იქნებოდა.
მან Times-ს განუცხადა: ”პირველ რიგში, ის დაკავშირებულია კანალიზაციასთან და მეორეც, პოტენციურ ქურდს წარმოდგენა არ ექნება, ვინ გამოიყენა ბოლოს ტუალეტი ან რა ჭამა. ასე რომ, არა, მე არ ვაპირებ მის დაცვას.
ტუალეტი მართლაც იყო დაკავშირებული სასახლის კანალიზაციასთან და მისმა ქურდობამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დატბორვის გამო.
გამოძახებით მისულმა პოლიციამ მხოლოდ ძვირფასი ხელოვნების ობიექტის გაუჩინარების ფაქტის და დაღვრილი საკანალიზაციო სისტემის არსებობის კონსტანტირება მოახდინა იმ ადგილზე, სადაც მანამდე უნიტაზი იდგა.
როგორც ვარაუდობდნენ, გამტაცებლები ნაძარცვთან ერთად ორ მანქანით წავიდნენ. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია რვა პირი, რომლებსაც დეტექტივები ქურდობაში ეჭვმიტანილად თვლიდნენ, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია ამ დღემდე არ არსებობდა.
უნიტაზის ქურდობის შემდეგ, ბლენჰეიმის სასახლის აღმასრულებელმა დირექტორმა დომინიკ ჰარემ იმედი გამოთქვა, რომ ის, რაც მან აღწერა, როგორც უაზრო ქურდობა, ნამუშევარს უკვდავყოფს. მან დასძინა, რომ ღრმა ირონიაა, რომ ნამუშევარი, რომელიც ასახავს „ამერიკული ოცნებას“ და ელიტარულ საგანს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, „ელვის სისწრაფით მოიპარეს და ცნობისმოყვარე თვალებისგან გადამალეს“.
BBC-სთან ინტერვიუში ჰარემ მაშინ თქვა: „ხელოვნების ნიმუშების დემონსტრირება რისკთან არის დაკავშირებული. ალბათ ყველაზე უსაფრთხოა მათი უბრალოდ სეიფში მოთავსება და ჩაკეტვა. თუმცა, ვფიქრობთ, რომ რისკი ღირს.”
გაბედული ძარცვიდან მალევე, კატელანმა განუცხადა New York Times-ს, თავდაპირველად მას ეგონა, რომ ეს იყო გათამაშება.
„ვინ იქნება ისეთი სულელი, რომ უნიტაზი მოიპაროს? – თქვა მან და აშკარად დაავიწყდა, რომ უნიტაზი სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული.
მოგვიანებით კატელანმა გამოავლინა, რომ უნიტაზი გამოშვებული სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი იყო.
ჯერ კიდევ გაურკვეველია ოდესმე დაბრუნდება თუ არა მოპარული ხელოვნების ნიმუში – ჯერჯერობით ძებნას არაფერი მოჰყოლია. დაკარგული ნივთის შესახებ ინფორმაციისთვის სადაზღვევო კომპანიამ 100 ათას ფუნტამდე ჯილდო დააწესა, მაგრამ არავინ გამოჩენილა, ვისაც მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეეძლო.
„ვნახავთ თუ არა კიდევ ოდესმე ამ უნიტაზს? პირადად მე მაინტერესებს, ექნება თუ არა მას ისევ ფორმა, სიმართლე რომ გითხრათ“- განუცხადა პოლიციის კომისარმა მეთიუ ბარბერმა მედიას 2021 წელს. „როცა ვინმეს ხელში ოქროს ამხელა მასა უვარდება, სავარაუდოდ ის მას სხვა ფორმით გაუკეთებს რეალიზაციას. კარგი იქნება, თუ ჩვენ ვიპოვით და დავაბრუნებთ უნიტაზს, მაგრამ პირადად მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი პირვანდელ ფორმაში იქნება შემონახული”, – დასძინა მან