ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღაა მოსალოდნელი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღას თუ სეზონურობის თეორიას დავუკავშირებთ, ის ოქტომბერ-ნოემბერშია მოსალოდნელი.

“სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას. ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ”,- ამბობს გაბუნია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის შეკავების მექანიზმები დღეს უფრო მეტად არის ცნობილი, ვიდრე იანვარში იყო.

“რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ისევ იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელების მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ამისთვის მექანიზმები დღეს უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს იყო იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ცოდნას და სამეცნიერო გამოცდილებასაც, რაც აქამდე დაგროვდა მაქსიმალურად გამოვიყენებთ, გეგმა იქნება კარგად დასაბუთებული და მე ვფიქრობ, საკმარისად მყარი იმისთვის, რომ კრიზისული პერიოდი არ დადგეს,” – თქვა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 640 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.