ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ “ორკესტრირებული, ქვეყნისთვის საშიში და ძირფესვიანად ამორალური” კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო.
პარტიის შეფასებით, ბუკნარში მომხდარი შემთხვევა, ისევე, როგორც ძალადობის ბევრი სხვა შემთხვევა რელიგიური და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ ოცნების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის შედეგია.
“ნიკა გვარამიას ფრაზამ ზოგიერთი გულწრფელი ადამიანიც შეაწუხა, მათ შორის ევროპული საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ლიდერი ახმედ იმამკულიევი. ახმედი წლებია შრომობს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებაში და უმცირესობათა გამორჩეული ხმაა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ახმედ იმამკულიევი შეცდა და არა იმიტომ, რომ მისი პოზიცია სუს-ის მიერ წამოწყებულ კამპანიას დაემთხვა ან იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური კომენტატორის კრიტიკა არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ ასეთ პოზიცია ყველას გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე პარტიის პოზიცია საჯარო კიდევ ერთხელ გავხადოთ.
გამოხატვის თავისუფლება ადამიანის თავისუფალი არსებობის, მათ შორის რწმენის თავისუფლების უმთავრესი გარანტორია. უაღრესად საშიშია ნებისმიერ რელიგიასთან მიმართებაში ირონიის, იუმორის ან ხატოვანი გამონათქვამის დემონიზება და რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეთა შეურაცხყოფად მონათვლა. აქედან სულ ერთი ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე – ან კანონით ან ძალადობით. სწორედ ასეთი შემთხვევაა ნიკა გვარამიას გამონათქვამის გარშემო ქართული ოცნების მიერ დაწყებული ბინძური კამპანია”,– აცხადებს ევროპული საქართველო.
პარტიის აზრით, საზოგადოება აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს უმცირესობათა სტიგმატიზების მცდელობას.
“დაუპირისპირდეს არა მისი აკრძალვით, არამედ საპასუხო სიტყვით. ოღონდ ამ შემთხვევაში, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამიას უმცირესობათა სტიგმატიზება არ უცდია. ეს პოლიტიკური სარკაზმი იყო ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ყველას, არ შეუწყონ ხელი ამ განწყობათა შექმნას, რადგან ეს საშიშია ყველასთვის და პირველ რიგში თავად უმცირესობებისთვის.
ასევე გვინდა აღვნიშნოთ, არასწორი იყო ახმედ იმამკულიევის პოზიციის ევროპული საქართველოს პოზიციად მონათვლა, განსაკუთრებით მაშინ როცა ჩვენი პარტიისა და საქართველოს მუსლიმთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა ტარიელ ნაკაიძემ ნათლად და გასაგებად გამოხატა ის დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა პარტიის საერთო პოზიციას.
გამოხატვის თავისუფლება იყო და რჩება იმ ქვაკუთხედად რასაც თავისუფალი, განვითარებული და მდიდარი დემოკრატიები ეფუძნება”. – წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში.
ცნობისთვის, მთავარი არხის გენერალური დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ასე გამოეხმაურა: “ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მოციქული”, რასაც ქართული ოცნების წევრებისა და რამდენიმე ოპოზიციონერის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.