უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება მიაქცია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ არამეგობრულ ქმედებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური აგრესიის საშინელი შედეგების ამსახველი ვიდეოების გამოყენებას.
”ასეთი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მიმართ და იწვევს უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას.
სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ ეპირფერებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვს და უგულებელყოფენ ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ვურჩევთ მმართველი პარტიის პოლიტტექნოლოგებს, რომ საკუთარი ხალხის მიმართ უფრო გულწრფელები იყვნენ და საკუთარ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ – რუსეთის ტრიკოლორი, მარცხნივ კი – ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები. ეს იქნება სიმართლე, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას ომი კი არ ააცილა, არამედ ევროპული მომავალი წაართვა.
ამავე დროს, უკრაინა კვლავ რჩება თანმიმდევრული და მტკიცე საქართველოს მეგობარი ხალხის მხარდაჭერაში, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ესწრაფვის”- ნათქვამია განცხადებაში.