“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი, კაკო ბობოხიძე აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მმართველი პარტიის მხარდამჭერი ლადო ბოჟაძე წარადგინოს.
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი [ლადო] ბოჟაძე შეიძლება შემოგვთავაზოს ქართულმა ოცნებამ და ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ქართული ოცნება აკონტროლებს და მათი სახელით შემოგვთავაზებენ თამარ ჟვანიაზე კიდევ უფრო იდიოზურ ფიგურებს”,– თქვა ბობოხიძემ TV პირველის ეთერში.
მისივე აზრით, მმართველი პარტია საზოგადოებას აუცილებლად შესთავაზებს “ახალ თამარ ჟვანიას”.
ცნობისთვის, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად მან შარლ მიშელის შეთანხმებით მიღებული საარჩევნო ცვლილებები დაასახელა. სულ რაღაც 8 დღის წინ, 22 ივნისს ჟვანია ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.