„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია, სწორედ ამიტომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი ვილაპარაკეთ უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ახლა პროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, სალაპარაკო თემა ახლა გახდა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა.