გუშინ, ჩვენმა ევროპულმა ოჯახმა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს, ქართული საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა.
მიიღეს რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად იდენტურად ასახავს იმ მოთხოვნებს, რასაც ითხოვს თავისუფალი ქართველი ხალხი – მყისიერად ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გამოშვება და ყველა მოძალადის დასჯა. მათ პირდაპირ ასახეს რისთვის იბრძვიან ადამიანები, რისთვის პოლიტპატიმრები არიან საპყრობილეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამასთანავე, ასამბლეამ პრაქტიკულად, PACE-ში ქართული ოცნების ყველანაირი ფუნქციონირება შეზღუდა და ფორმალურად დატოვეს იმ პირობების შესრულებისთვის რაც არის მოთხოვნილი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არაღიარების პოლიტიკისთვის, ქართული ოცნების იზოლაციისთვის, სანქცირებისთვის და რაც მთავარია პოლიტპატიმრების გამოშვებისა და მოძალადეების დასჯისთვის.
ძალიან კომიკური იყო ქართული ოცნების რეაქცია, რომლებმაც პრაქტიკულად გაგდების შემდეგ გამოაცხადეს რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ზუსტად იგივე რამ გააკეთა 2022 წელს რუსეთმა, როდესაც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გარიცხეს ევროსაბჭოდან და მათაც დადგეს სპექტაკლი თითქოს თავად ტოვებენ. ეს ანალოგია მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიჰყვება რუსულ კვალს ქართული ოცნება.
ქართული ოცნება ექცევა სრულ იზოლაციაში, ხოლო ქართველი ხალხი იღებს მეტ და მეტ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან. ქართულ ოცნებას ასამბლეასთან დაპირისპირებით უნდოდა საქართველოს იზოლაცია ევროპიდან, მაგრამ მიიღო საკუთარი ჯგუფის იზოლაცია.
ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ ბრძოლას აქვს კონკრეტული შედეგები. ის დამოკიდებულება, რაც გამოავლინა ქართულმა ოცნებამ კერძოდ ქალბატონმა წულუკიანმა ასამბლეის მიმართ შეურაცხყოფაა ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ფასეულობების, იმიტომ რომ ასამბლეაა ის ადგილი, სადაც პირველად გაჟღერდა ჩვენი ისტორიული სიტყვები, ისტორიული მისწრაფების შესახებ – მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი და ჩვენ ამ გზას გავივლით და ვიქნებით ევროპის ნაწილი.